tab_map

გაქირავება და არენდა

tab_map

ამინდი

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ორჯონიკიძეში, (ახლანდელი ვლადიკავკაზი), გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში. 

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977-იდან. 

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. 

კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი — სოფელ სნოდან, დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი — სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.

შემდგომი წლები

არქიმანდრიტი ილია (1962 წელი)

ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (1965 წელი)

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (1976 წელი)
1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა).

პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას:

ვიკიციტატა    
„ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს.“
1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკვანი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი II მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, სადაც მეოთხე კურსზე დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, — რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.

ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. შემდეგ კი — 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის — იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის — პირველი რექტორი. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.

1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს — უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.